· ახალწლის წინა ღამეს მოურავმა უთხრა აკაკის: – თქვენი ცხენი მოუპარავთ,
მაგრამ იმედია ვიპოვნიო.
–თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ... დაიკარგოს, –მიუგო აკაკიმ, – ეს ძველი წელიწადი მთელი თორმეტი თვე უბედური იყო ჩემთვის!.. ახლა ეტყობა, ჩემ ცხენზე შემჯდარა და ისე მიდის. ნუ გამოუდგები, აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენიო.
· ერთ ლხინში აკაკის სადღეგრძელოსა სვამდნენ და თამადამ ლომი უწოდა. მგოსანმა სიცილით თქვა:
–თუ მართლა ლომი ვარ, კრილოვის ,,მომაკვდავი ლომი“ უნდა ვიყო, რადგანაც ამ ბოლო დროს, ვირებმა ძალიან დამაყარეს წიხლებიო...
· ერთხელ აკაკი სადგურიდან სოფელში ეტლით მიდიოდა. მეეტლემ გზად სხვა მგზავრიც აიყვანა და აკაკის გვერდით მოუსვა. ახალ მგზავრს არასოდეს არ ენახა ჩვენი პოეტი და თავისი თავი პოეტად გააცნო, აკაკი ვარო. გზადაგზა სულ აკაკის ლექსებს ამბობდა ზეპირად. აკაკის განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ეტლი გაჩერდა. გამოთხოვებისას ცრუ მგზავრმა უთხრა აკაკის:
–თქვენ ჩემი ვინაობა გაიგეთ, არ შეიძლება ვიცოდე თქვენ ვინღა ბრძანდებით?
–დღევანდლამდე აკაკი ვიყავი და დღეის შემდეგ არ ვიცი ვინა ვარო, –უპასუხა აკაკიმ.
· ერთი ნაცნობი შეეკითხა აკაკის: – როგორ მოვიქცე, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო?
–ეგ ქუთაისის ბანკს უნდა ჰკითხოთ, რომელიც ამდენი ხანია კიდეც მაძლევს ვითომ პენსიას და არც მაძლევსო!
· აკაკი თბილისის ერთს სასტუმროში ჩამოხდა. მთვარიანი ღამე იყო. დაწვა და ჩვეულებრივ ოცნება დაიწყო. ოთახში ქურდი შემოიპარა,–რასმე მოვიპარავო. ვეღარაფერი იპოვა. ბოლოს ბალიშის ქვეშ შეაცოცა ხელი, –აქაც ვცდი ბედსაო.
აკაკიმ ყურში ჩასჩურჩულა:
–ვერა იპოვე–რა?
?!?!..
· ერთმა ახალგაზრდა ქართველმა ინჟინერმა ხუმრობით ჰკითხა ნაავადმყოფარ აკაკის:
–ასე მალე როგორ დაბრუნდით საიქიოდანო?
– შენი გაკეთებული გზა რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდიო, –მოუჭრა სიტყვა აკაკიმ.
· საბანკო არჩევნების დროს ზოგიერთი კენჭოსანი ყვიროდა: ,,კენჭი მოგვეცით, კენჭი! კენჭმა უნდა გაგვასწოროსო“.
–ნეტავი თქვენ გასწორდებოდეთ და ვინოხერი, ან ლოდს დაიშურებს თქვენთვისო, –მიაძახა აკაკიმ.
· აკაკის ერთმა ქალმა მიუძღვნა მშვენივრად მოქარგული ბალიში, შესაფერისო ზედწარწერით . საჩუქარი პოეტს ძალიან ესიამოვნა და ღიმილით თქვა:
–ჰეი–ჰეი, ბექირ–ბეი! სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ,,მაღვიძარა“ საათებს მიგზავნიდნენ, ახლა კი ბალიშებს მიგზავნიან –დაწექ და დაიძინეო!...
· ერთმა მელოტმა თქვა:
–ერთ ლამაზ ქალს წიგნი მივწერე, ისე შეგინახავ, როგორც ჩემს თავს–მეთქი, მაგრამ, წარმოიდგინეთ, უარი შემომითვალა.
–სწორედ მაგით დაგიფრთხია: აბა რა სასიამოვნოა, მუდამ შიშვლად და ცარიელად ყოფნაო, –იოხუნჯა აკაკიმ.
· ერთი დიდცხვირა და გრძელსახიანი კაცი არწმუნებდა აკაკის: ,,ბევრს ცუდს ამბობენ ჩემზე ხალხში, მაგრამ სტყუიან და ნუ დაუჯერებთო!“
–მეც ვხედავ, რომ სტყუიანო, – მიუგო მან, –მთელი ქვეყანა, ერი და ბერი, სულ იმას იძახის შენზე, უცხვირპიროაო და შენ კი ორივე, რომ უნდა, იმაზე მეტიცა გაქვსო.
· მ. ერისთავი და აკაკი რაღაცაზე წალაპარაკდნენ. ერისთავმა უთხრა პოეტს რიხით: ნუ დაივიწყებ, აკაკი, რომ მე, რაც უნდა იყოს, მაინც ერისთავი მქვიანო.
–ბატონო, ერი კი აღარ გყავს, ჩამოგართვეს და ცარიელა თავი გინდ გებასთ და გინდა არაო.
· ერთი ახალგაზრდა ქართველი კოხტაობით სათვალეს ატარებდა და ხანდახან შუბლზე იდებდა ხოლმე.
–ბატონო აკაკი, რა მიზეზია, რომ ის ყმაწვილი შუბლზე იდებს ხოლმე სათვალეს და არა თვალზეო?
–იმიტომ, რომ ჭკუით არის ბეცი და არა თვალებითო!– მიუგო აკაკიმ.
· ფოთში ქართლელს საწყენი უთხრეს, ქუთაისში მიხვდა, გორში ეწყინა და თბილისში გული მოუვიდაო, –სთქვა აკაკიმ.
· ერთი ყმაწვილი კაცი მეგობართან იყო, სადილად. მარჯვნივ აკაკი უჯდა და მარცხნივ ერთი ტიტინა მოლაპარაკე. ყმაწვილს უნდოდა ეთქვა, რომ მარჯვნივ ბულბული მიზის, მარცხნივ კაჭკაჭიო და იკითხა:
–რა მანძილია ბულბულსა და კაჭკაჭს შორისო?
–ბევრი არაფერიო,– უთხრა აკაკიმ, –შუაზე მარტო ერთი ბაიყუში უზისო.
· იმერეთში ერთი მოხელე იყო, დიდი ლოთი და მექრთამე. როცა სამსახურიდან გააყენეს, წავიდა პეტერბურგს და იქ ცხოვრობდა. ერთხელ ამ გადაყენებულს დიდი წვეულება ჰქონდა პეტერბურგში და სხვათა რიცხვში, შემთხვევით იქ აკაკიც მოხვდა. მასპინძელმა სადილზე ტრაბახი დაიწყო, კავკასიაში რომ ვიყავი, ძალიან ვუყვარდი ხალხსო!– წამოსვლის დროს სადილი გამიმართეს და სახსოვრად საჩუქარიც მომცესო. გამოიტანა აზარფეშა, რომელზედაც ,,კოლხიდის ვერძი“ იყო დახატული. სტუმრებმა იკითხეს: რას ნიშნავს ეს ვერძი? ალეგორიული ხომ არა არის რაო?
· –როგორ არაო!– მიუგო აკაკიმ, –ჩვენში აზარფეშა ლოთობის ემბლემაა, და ვერძი კი იმას ნიშნავს, რომ ბერძნებმა დიდი სიმდიდრე გაიტანეს ჩვენი ქვეყნიდანო.
· აკაკი ერთს სადილზე იყო მიწვეული. თეთრ ღვინოს სვამდა. ვიღაცამ იკითხა: ––თეთრი ღვინო სჯობს, თუ წითელიო. პოეტმა წითელი ღვინო დაისხა და რომ არ მოეწონა, თქვა;
–სადილობამდის ეს ღვინოც თეთრი ყოფილა, მაგრამ სირცხვილით ეხლა გაწითლებულაო.
ზარმაცი პატარძალი
ქორს წიწილა მიჰქონდა. ზარმაც პატარძალს სახლიდან ფეხის გადმოდგმა შეეზარა და დერეფნიდან ფეხმოკეცილმა მიაყვირა: ,,ჰაუ, ჰაუ! ჰაუ! ქორი ჰაერში შეშინდა და მსხვერპლი კლანჭებიდან გამოუვარდა. დედამთილი გაუანჩხლდა რძალს და უთხრა:
–შე ზარმაცო, ზეზე რომ წამომგარიყავ, კარში გასულიყავ და ისე მიგეძახებია ქორისათვის უკეთესი არ იქნებოდა?
–გაფრენა მე არ ვიცოდი და წიწილა აქედანაც გავაგდებინეო!–მიუგო პატარძალმა.
სამეგრელოში აკაკის ჩაი მიართვეს. შაქარი დავიწყებოდათ, თუ როგორღაც იყო, აკაკიმ ზედიზედ ერთისა და იმავე ჭიქისათვის სამჯერ მოითხოვა შაქარი.
- რამდენი შაქარიც უნდა ჩააგდო, რაკი შენი ენა მოხვდება, გამწარდებაო, -უთხრა პოეტს მასპინძლის ახალგაზრდა ქალმა.
- ჯერ თქვენ უნდა დააწოთ შაქარს ენა, რომ აღარ გამწარდესო! -მიუგო პოეტმა.
ერთი კბილის ექიმი ცუდად იხსენიებდა აკაკის. გადასცეს და იმან ღიმილი დაიწყო: - ნეტავ რა დამიშავებია იმ ყმაწვილისათვის?.. ალბათ იმაზე მემდურის, რომ საღი კბილები მაქვსო!
აკაკის უსაყვედურეს: ,,შენ შენის კალმით არაფერი შეგიძენია, საოცნებო ფრენას უნდები და ადვოკატები კი ქვეყანას ხრავენო“.
-ეგ იმისი ბრალია,- მიუგო აკაკიმ , -რომ ჩემი კალამი ბატის ფრთისაა და იმათი კი ძაღლის კბილისო.
ერთხელ თემობაში აკაკის ჯიბგირი მიეპარა და ჩუმად ხელი ჩაუყო ჯიბეში, სადაც ნაწერი ქაღალდების მეტი არა იყო-რა. პოლიციელმა თურმე შენიშნა და წაავლო ხელი ჯიბგირს. მწერალმა რომ დამფრთხალი და შეშინებული ახალგაზრდა ქურდი დაინახა, შეეცოდა, მიუბრუნდა და სიცილით უთხრა: ,,შე კაცო, აკი ერთხელაც გითხარი, მაგას ნუ შვები-მეთქი! რათ იცი ხოლმე ჩემს ჯიბეში ხელის ჩაყოფა? ხელნაწერი რომ არ წაიკითხო, არ იქნება? როცა დაიბეჭდება, მაშინაც მოესწრები სხვებთან ერთად წაკითხვასო!“
ეს რომ პოლიციელმა გაიგონა, იფიქრა: ,,ალბათდ ვინმე კარგი შეხუმრებული ნაცნობი ყოფილაო!“ ბოდიში მოიხადა და გაუშვა ჯიბგირი. რამდენიმე წლის შემდეგ მწერალს ბარათი მიუვიდა: ,,დიდი ხანია რაც კი რამ დაბეჭდილა თქვენი და იბეჭდება, ყველას ვკითხულობ. თქვენ რომ პირველად გნახეთ, იმ დღიდანვე მე ხელი ავიღე ჩემ პირვანდელ ხელობაზე, შევისწავლე წიგნების კინძვა, მეყდე გახლავარ და თუ ინებებთ, წიგნებს ნახევრ ფასად შეგიკინძავთო“.
· აკაკიმ სურამში, სეირნობის დროს დაინახა ერთად მიმავალი ჩვენი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი და ცნობილი ქართველი ბიოგრაფი ი. მეუნარგია, მოყვარული გენერლებთან სიარულისა.
-კაცო, - უთხრა აკაკიმ თავის მეზობელს,-ვერ ხედავ, გოგებაშვილს გენერლობა მიუღია?!...
-როგორა?!
-რა ვიცი, მეუნარგია-კი მასთან დაიარება -და!...
· ერთმა პედაგოგმა, რომელიც პოეტობასაც ჩემობდა, ახლო სოფელში მიმავალ აკაკის ერთი კვიმატიანი ცხენი ათხოვა და თანაც ლექსების რვეული გაატანა: ,,თუ მოგეწყინოს, ამაღამ ეს გადაიკითხეო“. მეორე დღეს უკან დაბრუნებულ აკაკის ჰკითხა;
-ღამე როგორ გაატარეო?
-რა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე კიდევ ლექსებმაო, -მიუგო აკაკიმ.
ქუთაისში აკაკის მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილენი მეორე თუ მესამე დღეს სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ. აკაკის აქ ერთი ახალგაზრდა შეეკითხა:
-რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?!.
-რა გითხრათ, -მიუგო აკაკიმ,-სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა: დიდი განათლებული კაციაო, ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. იგივე ითქმის ჩვენს ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე; შესაძლებელია, ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ: როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაეგებარა მათი.
აკაკი ერთ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ქალები სჭარბობდნენ.
სიყვარულზე ჩამოვარდა ლაპარაკი.
-როგორც თევზს არ შეუძლია უწყლოდ გაძლება, ისე ქალს არ შეუძლიან უსიყვარულოდ სიცოცხლეო. - წარმოსთქვა აკაკიმ.
-სცდებით, ბატონო აკაკი,- მიუგო ერთმა ხანში შესულმა გაუთხოვარმა ქალმა,-აი მე ამდენი ხნის ქალი ვარ და ჩემს გულს ჯერ სიყვარული არ მიჰკარებიაო!
-მე, ბატონო, თევზებზე მოგახსენებთ და არა დოშებზეო, -ღიმილით უპასუხა აკაკიმ.
აკაკი ერთ ოჯახში იყო სადილად მიწვეული. დიასახლისის პატარა ვაჟი გაჭირვეულდა და ვერმიშელი აღარ სჭამა. დედა დაემუქრა. შვილი დაიმედებული იყო, სტუმრებთან მაინც არას მეტყვიანო და ხელში კოვზს აწვალებდა. მერე მოუბრუნდა აკაკის და ჰკითხა : ძიავ, ამ კოვზს რა აწერია?
აკაკიმ კოვზი ჩამოართვა და ვითომ წაიკითხა:
,,თუ არ სჭამე ვერმიშელი,
გაგლახვენ და ვერ გიშველი“.
ერთმა ადვოკატმა უთხრა აკაკის: ,,შენ არც არასა სთესავ და არცა მკიო, ხოლო მე კიდევ ვთესავ და კიდევ ვმკიო!“ - ,,მართალს ამბობო, მიუგო პოეტმა, - მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებ, რომ კლიენტებს ციმბირისაკენ სთესავ და მკით კი აქვე ჩვენში მკიო“.
ერთი უცხოელი მოხელე ჩიოდა:
-მე რომ თქვენთანა ვარ, თქვენთვის ვწვალობ, თქვენთვის ვიტანჯები და თქვენ კი არ მაფასებთო.
-როგორ არაო,- მიუგო აკაკიმ: - მეტი არა შეგვიძლიან რა და ღმერთს კი ყოველ დღე ამას ვეხვეწებითო: ,,ყოვლად შემძლებელო, ნუ სტანჯავ ამ კაცს უბრალოდ ჩვენთან, შენ მოუმართე ხელი და, საიდანაც მოსულა, იქ წაიყვანეო!“.
ერთი ახალგაზრდა ქართველი კოხტაობით სათვალეს ატარებდა და ხანდახან შუბლზე იდებდა ხოლმე.
- ბატონო აკაკი, რა მიზეზია, რომ ის ყმაწვილი და არა თვალზეო?
- იმიტომ, რომ ჭკუით არის ბეცი და არა თვალებითო! - მიუგო აკაკიმ.
ერთი ნაცნობი შეხვდა აკაკის და , სხვათაშორის, უთხრა, ყველაფერი მომწყინდა და მარტო ფილოსოფიით ვიქცევ თავსო.
-ბარაქალა, ბარაქალა, რომ ბიჯი წაგიდგამს წინო, - უპასუხა აკაკიმ, - უნივერსიტეტში რომ იყავი, სოფია მიგაჩნდა თავშესაქცევად და ახლა ფილოსოფიაზე გადასულხარო.
აკაკი დალაქთან შევიდა თმის გასაკრეჭად. დალაქი ერთს მელოტს თავს დასტრიალებდა. მელოტს დალაქმა ორი აბაზი გამოართვა. აკაკიმ ქუდი დაიხურა და გარეთ გამოსვლა დააპირა.
- სად მიბრძანდებით, ბატონო?
- თუ იმას ორი აბაზი გადაახდევინე, მე მთელი საცხოვრებელი უნდა მოგცე ჩემის თმის გაკრეჭაშიო, - უპასუხა დიდთმიანმა პოეტმა.
აკაკი ხონში იყო. წამოსვლისას ეტლში ერთი ადგილი დაიქირავა, მეეტლემ ჩასვა პოეტი ეტლში და ჩვეულებისამებრ ბაზრის ირგვლივ ძახილით ,,ვის გინდათ, ვის გინდათ“ - რამდენიმეჯერ შემოატარა.
აკაკიმ გააჩერა მეეტლე და უთხრა: ,,ვის გინდათ, ვის გინდათ“ რომ იძახი, ხომ ხედავ არავინ მყიდულობს, ისევ მე მითხარი, რამდენად ვარ შეფასებული, იქნება შევიძლო თავის გამოხსნაო“.
ერთი ვინმე სადილად კარგ გუნებაზე იყო, სულ ,,მიმინო მყავდა“ -ს მღეროდა. იმდენი იმღერა ეს ,,მყავდა-მიყვარდა“, რომ ყველას თავი მოაბეზრა და განსაკუტრებით - აკაკის.
-არ გეტყობა, რომ მიმინო გყოლოდეს, მაშინ მაგდენი მწყერი აღარ გეყოლებოდათ, - შენიშნა მომღერალს აკაკიმ.